დიაბეტი და მხედველობა

დიაბეტი და მხედველობა

დიაბეტის მქონე პაციენტებში თვალების დაავადებები 25-ჯერ (!) უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში.

შაქრიან დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს როგორც თვალის ფსკერი (თვალის კაკლის უკანა კედელი – ბადურა), ასევე თვალის ბროლი (ვითარდება დიაბეტური კატარაქტა) და თვალის ქუთუთოები.   ხშირია გლაუკომის განვითარება. დიაბეტის დროს თვალის ფსკერის (ბადურას) დაზიანებას – დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება.

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტური რეტინოპათია  მხედველობის დაქვეითების და  სიბრმავის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში.  შაქრის მაღალი დონე სისხლში იწვევს ბადურა გარსის მიკროსისხლძარღვების დაზიანებას, ქსოვილის სისხლით მომარაგების დაქვეითებას, უჯრედების დაზიანებას. ბადურა  თვალის მთავარი ორგანოა და მისი დაზიანება იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას. პათოლოგიური პროცესი ბადურაში უმეტესად პაციენტისთვის უსიმპტომოდ („ჩუმად“) ვითარდება, დიდი ხნის განმავლობაში არ აგრძნობინებს თავს მხედველობის დაქვეითებით. ეს  თვისება მთელ მსოფლიოში განაპირობებს დიაბიტით დაავადებულ პაციენტთა  „დაგვიანებულ“ მიმართვას თვალის ექიმთან. ამიტომაც დიაბეტის პირველივე აღმოჩენის დროს, დიაბეტის ტიპის, სიმძიმის და სისხლში გლიუკოზის დონის  მიუხედევად,  პაციენტმა უნდა დაიწყოს თვალის რეგულარული შემოწმება.

განვითარების ფაქტორები

ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია – დიაბეტის ხანგრძლივობა. დიაბეტური რეტინოპათია დაავადების პირველ 5 წელს, ან სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე იშვიათად ვითარდება, მაგრამ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 5% -ს რეტინოპათია დიაბეტის გამოვლენასთან ერთად იწყება. თუ დიაბეტი 5 წელზე მეტი მიმდინარეობს ორგანიზმში დიაბეტური რეტინოპათია შესაძლებელია განვითარდეს მიუხედავათ იმისა, რომ პაციენტი ღებულობს ინსულინს, აბებს და არ არღვევს დიეტას.

დაავადების ხანგრძლივობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სისხლში შაქრის მაღალი დონე. ცნობილია, რომ სისხლში შაქრის დონის კარგი მართვა, დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების შენელების ან თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. თირკმელების დიაბეტური დაზიანება (ნეფროპათია) დიაბეტური რეტინოპათიის მიმდინარეობის გართულებას იწვევს. სხვა რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ზედმეტი წონა, ჰიპერლიპიდემია და ანემია.

დიაბეტური რეტინოპათიის

დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომები:

  • მხედველობის არეში „მცურავი“ ლაქების გაჩენა
  • მხედველობის დაქვეითება
  • უეცარი დანისვლა ან მხედველობის უეცარი დაკარგვა
  • ხშირად უსიმპტომო

დიაგნოსტიკა

დიაბეტური რეტინოპათიის გამოსავლენად საჭიროა გამოცდილმა სპეციალისტმა ჩაატაროს თვალის ფსკერის გამოკვლევა.

თვალის ფსკერის დათვალიერების გარდა, ოფთალმოლოგთან  ვიზიტის დროს ტარდება: მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, თვალის წინა ნაწილის გამოკვლევა კატარაქტის არსებობაზე და თვალშიდა წნევის გაზომვა. ბადურა გარსის შრეობრივი  ცვლილებების გამოსავლენად, რომელიც ჩვეულებრივი დათვალიერებისას არ ჩანს, აუცილებლად  ტარდება ოპტიკური-კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) და ზოგ შემთხვევაში  თვალის ფსკერის სისხლძარღვების ფლუორესცენტული ანგიოგრაფია.

ყველა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტმა წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკური გამოკვლევა. თვალის ფსკერზე ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში ყოველ 6 თვეში, ან უფრო ხშირად.

დიაბეტური რეტინოპათიის სტადიები და მკურნალობა

დიაბეტური რეტინოპათიის საწყის ფორმას არაპროლიფერაციული ეწოდება. ბადურაზე ასეთი მინიმალური ცვლილებები ადრე თუ გვიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტს უნვითარდება და არ მოქმედებს მხედველობაზე. ეს სტადია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად, გართულების გარეშე მიმდინარეობდეს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის კომპენსირებისა და არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში, შესაძლოა მისი რეგრესირებაც კი მოხდეს. მკურნალობა შაქრის დონის ნორმალიზებასა და არტერიული წნევის დაქვეითებას მოიცავს.

დიაბეტური რეტინოპათიის შემდეგი სტადია პრეპროლიფერაციულია. ამ სტადიაზე მხედველობა ასევე არ იცვლება, მაგრამ მკურნალობის გარეშე შესაძლოა მოხდეს რეტინოპათიის შემდეგ სტადიაში სწრაფი პროგრესირება. მკურნალობა შაქრის დონის ნორმალიზაციისა და არტერიული წნევის დაქვეითების გარდა, ბადურას ლაზერული კოაგულაციის ჩატარებას მოიცავს. ამ სტადიაში ხშირად ვითარდება ბადურის ცენტრალური უბნის შეშუპება, რაც მოითხოვს თვალში (ინტრავიტრიალურად) სპეციალური პრეპარატის (Avastin; Eylea; Lucentis) შეყვანას.

რეტინოპათიის გაცილებით მძიმე ფორმა პროლიფერაციულია. ამ სტადიაზეც კი, მხედველობა გარკვეული დროის განმავლობაში უცვლელი რჩება. ზოგჯერ პაციენტი აღნიშნავს თვალების წინ მუქი მოციმციმე ლაქების გამოჩენას.

თუმცა თვალის ფსკერზე გამოხატული პროლიფერაციული ცვლილებები აღინიშნება — ახალწარმოქმნილი სისხლძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რამაც შეიძლება მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება, სიბრმავე და თვალის დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ამ სტადიაზე საჭიროა აუცილებლად ბადურას სასწრაფო კოაგულაცია  ჩატარდეს და/ან   თვალში (ინტრავიტრიალურად) სპეციალური პრეპარატის (ავასტინი, ელია, ლუცენტისი) შეყვანა. თუმცა მკურნალობა ამ სტადიაზე ყოველთვის მდგრად და დადებით ეფექტს არ იძლევა.

პროცესის პროგრესირებისას თვალის ფსკერზე შესაძლებელია თვალის ღრუში სისხლჩაქცევის განვითარება — ჰემოფთალმი, რაც მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. შესაძლებელია ნეოვასკულარული გლაუკომის განვითარება, რასაც თან სდევს მხედველობის სრული, შეუქცევადი დაკარგვა და თვალის ტკივილები. ამას გარდა, შესაძლოა განვითარდეს ბადურის აშრევება.

ამ სტადიის დროს კომბინირებული მკურნალობა ტარდება: ბადურის ლაზერკოაგულაცია, თვალში სპეციალური მედიკამენტის შეყვანა და რთული ოპერაციული ჩარევა – ვიტრექტომია. პროგნოზი მხედველობის მხრივ მძიმეა, ყველა არსებული მკურნალობის მეთოდის გამოყენებაც კი  ხშირად  არ იძლევა მხედველობის აღდგენის საშუალებას და პროცესის სტაბილიზაციას.

ამიტომ უკეთესია თვალების დიაბეტური დაზიანების თავიდან აცილება, ვიდრე დაკარგული მხედველობის აღდგენა.

კლინიკა საგიტარიუსის ოფთალმოლოგიურ განყოფილებას დიაბეტიური თვალის დიაგნოსტიკის და მკურნალობის მრავალი წლის გამოცდილება აქვს. მკურნალობას ატარებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. ყოველ თვე კლინიკაში ჩამოდის და ატარებს კონსულტაციებს და ქირურგიულ ჩარევებს საქართველოს წამყვანი ოფთალმოლოგ-რეტინოლოგი გიორგი ჩიჩუა.

ტარდება ბადურის ლაზერკოაგულაცია, ავასტინის ინტრავიტრიალური ინიექციები, დიაბეტიური კატარაქტის და გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა უახლოესი მეთოდების გამოყენებით.  მხოლოდ ჩვენთან დასავლეთ საქართველოში დანერგილია და ტარდება თვალის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT),  კვლევა რომელიც აუცილებელია  ჩატარდეს დიაბეტიური რეტინოპათიის ფორმის დასადგენად და მისი სწორი მკურნალობის მეთოდის გადასაწყვეტად.

პლასტიკურ ოპერაციულ ჩარევებზე მოქმედებს საბანკო განვადება.

💡კონსულტაციის მისაღებად და ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ.

📍ჩვენი მისამართია 👉ქ.ბათუმი,ზ.გორგილაძის ქ №91

☎ ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 571 79 79 29

🏥 «საგიტარიუსი» მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

დაგეგმეთ თქვენი მკურნალობის ყველა ეტაპი