ბადურა გარსის ლაზერული ქირურგია
ლაზერკოაგულაციას მიმართავენ ბადურა გარსის სისხლძარღვოვანი და დისტროფიული დაავადებების დროს. სისხლძარღვოვანი დაავადებებიდან ყველაზე ხშირად ლაზერკოგულაციის გაკეთება საჭირო ხდება დიაბეტური რეტინოპათიისა და ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზის შედეგად განვითარებული პათოლოგიების დროს, ხოლო დეგენერაციული ცვლილებები უპირატესად გვხვდება მიოპიით დაავადებულ ადამიანებში. ბადურა გარსის ლაზერული ქირურგია
მეთოდის არსი:
სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს აღინიშნება სისხლძარღვის კედლის გამავლობის დარღვევა, რაც იწვევს პლაზმის კომპონენტების გარეთ გამოსვლას, შეშუპებას, წარმოქმნას არასრულფასოვანი ახალი სისხლძარღვებისა, რომლებიც სისხლმდენია და იწვევს სისხლჩაქცევებს.
ასეთ დროს ლაზერკოაგულაციის მიზანს წარმოადგენს ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების ობლიტერაცია, რაც თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს. ლაზერკოაგულაციის შედეგად არ ხდება მხედველობის გაუმჯობესება, თუმცა დროულად ჩატარებული ლაზერკოაგულაცია საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნდეს არსებული მხედველობა და შენელდეს დაავადების პროგრესირება.
დეგენერაციული დაავადებების დროს ლაზერკოაგულაცია მიზნად ისახავს „საშიში“ უბნის გარშემო მიკროკოაგულანტების გაჩენას. ორი კვირის შემდეგ კოაგულანტების ადგილზე ჩნდება პიგმენტური ჩანართები, რაც კიდევ უფრო ამყარებს ბადურას. ლაზერული ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად, გრძელდება დაახლოებით 10-30 წუთი. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად. ოპერაცია არ არის მტკივნეული, შეიძლება აღინიშნებოდეს წვის შეგრძნება. ოპერაციის შემდეგ ინიშნება ანთების საწინააღმდეგო წვეთები. ორი კვირა პაციენტი უნდა მოერიდოს ფიზიკურ და მხედველობით გადაძაბვას. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაიაროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია.